News
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარმო, შპს “ტაო“ გაფართოვდება
31 May 2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კიდევ ერთი კომპანია შპს „ტაო“ გაფართოებას შეძლებს.

კომპანია, რომელიც ავეჯის და ავეჯის მასალის წარმოებითაა დაკავებული, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში  უახლესი ტექნოლოგიის დანადგარებს შეიძენს, რაც მას საშუალებას მისცემს, ადგილობრივ ბაზარს მკვეთრად გაუმჯობესებული ხარისხის პროდუქცია მიაწოდოს. ამასთანავე, შპს „ტაო“, რომელიც 2018 წლის ივნისის თვეში შეძლებს საწარმოს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას, დამატებით 18 ადამიანს დაასაქმებს და დასაქმებულთა რიცხვი მთლიან ჯამში 56-ს მიაღწევს.

აღნიშნული საწარმო ქუთაისში, სულხან საბას ქ. #4 არის განთავსებული და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 1 072 410   ლარს შეადგენს.

2018 წლის აპრილის მონაცემებით „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, სულ 2014 წლიდან მხარდაჭერილია 355 პროექტი (მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის, სასტუმროს და ქონების მიმართულებებს), რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 870 მლნ ლარზე მეტია. საიდანაც კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული  სესხების მოცულობა ჯამში 448  მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით სულ შეიქმნება 14,000- მდე ახალი სამუშაო ადგილი.

შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში ‒ ბიზნესის“ მიმართულების მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა. სააგენტოს მთავარი მისია ქართული საწარმოების მხარდაჭერაში, მოგების გაზრდასა და გლობალური კონკურენტუნარიანობის განვითარებაში მდგომარეობს.


Load more »