News
China International Import Expo
28 Jun 2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან გამოფენაში China International Import Expo – CIIE მიიღონ მონაწილეობა, რომელიც  ჩინეთში, ქალაქ შანხაიში, გაიმართება.

დღეს, შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრა სააგენტოს დირექტორსა, მიხეილ ხიდურელს და ჩინეთის კომერციის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის. შეხვედრის ფარგლებში და აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, კომერციის სამინისტრომ გამოხატა მზაობა ქვეყნის საინვესტიციო ფორუმის ორგანიზებაში დახმარების კუთხით. ამასთანავე, საქართველოს გამოუყვეს ქვეყნის პავილიონი ჩინეთის მთავარი პავილიონის გვერდით.

ჩინეთის მთავრობის მასპინძლობით, ჩატარებული ღონისძიება, რომელიც 5-დან 10 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება მიზნად ისახავს ახალი ბიზნეს მოლაპარაკებების დაწყებას მონაწილე ქვეყნებს შორის, თანამშრომლობის გაძლიერებასა და კონტაქტების დამყარებას, ჩაერთვება 100-ზე მეტი ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურისა და ბიზნესის სექტორის წარმომადგენელი. საერთაშორისო ღონისძიება, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 150 000-მდე  სხვადასხვა ბიზნეს წრეების წარმომადგენელი დაესწრება, უპრეცედენტო შესაძლებლობას აძლევს ქართულ კომპანიებს, მოახდინონ საკუთარი საქონლისა და მომსახურების ექსპორტი ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში.

გამოფენაზე, სექტორების შესაბამისად წარმოდგენილი იქნება ექსპორტზე ორიენტირებული სხვადასხვა 60 ქართული კომპანია. გარდა ამისა ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ქვეყნის პავილიონი სადაც ღონისძიების მონაწილეები, საქართველოს ბიზნეს კლიმატს - საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობეს გაეცნობიან.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ კომპანიებს, რომლებიც მზად არიან დააკმაყოფილონ პოტენციური შემსყიდველების მოთხოვნები, რაც დაკავშირებულია პროდუქციის რაოდენობასთან, ხარისხთან, საქონლის სისტემატურ და შეუფერხებელ მიწოდებასთან.