News
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება
27 Dec 2017

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარადჭერილი ბენეფიციარების რიცხვს კიდევ ერთი კომპანია, შპს „ბრენდ კონცეპტი“ შეემატა, რომელიც საკვები პროდუქტების წარმოებას შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ საწარმო, რომელიც 2018 წლის მარტის თვეში ამოქმედდება ძირითადად შოკოლადის მწარმოებელი იქნება, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიის მანქანა-დანადგარების საშუალებით სხვა მრავალი სახის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციასაც მიაწოდებს ბაზარს, კერძოდ: კაკაოს შემცველი პროდუქტების, ჯემის, მარმელადის, ნაყინისა და ყინულის სხვადასხვა სახეობების, ხილისა და კაკლის პიურის, ხილისა და ბოსტნეულის წვენების, მზა წვნიანებისა და ბულიონების სახით.

შპს „ბრენდ კონცეპტი“  საკუთარი მრავალფეროვანი პროდუქციის რეალიზაციას, როგორც საცალო და საბითუმო, ასევე ქსელურ სუპერმარკეტებში გეგმავს, ხოლო საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე კომპანია 24 ადამიანის დასაქმებას შეძლებს.

აღნიშნული საწარმო თბილისში, თაქთაქიშვილის ქ. #12 განთავსდება და პროგრამის „აწარმოე საქართელოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 1 027 500 ლარს შეადგენს.