News
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარმო შპს „კორდი“ გაფართოებას შეძლებს
01 Feb 2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კიდევ ერთი კომპანია შპს „კორდი“ გაფართოებას შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში კომპანია უახლესი ტექნოლოგიის დანადგარებს შეიძენს, რაც მას საშუალებას მისცემს, რომ ულტრაწმინდა მასალები, კერძოდ შენობის მოსარპიკეთებელი მასალა აწარმოოს და მომხმარებელს ენერგო ეფექტური ტექნოლოგიით დამზადებული მაღალხარისხიანი პროდუქცია მიაწოდოს.

შპს „კორდი“, რომელიც 2018 წლის ივნისის თვეში შეძლებს საწარმოს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას, დღიურად 50-60 ტონა პროდუქციის წარმოებას გეგმავს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ კომპანია, რომელიც სოფელ ახალთერჯოლაში მდებარეობს, 30 ადამიანის დასაქმებას შეძლებს.

შპს „კორდი“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.  სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 268 000 ლარს შეადგენს.

2017 წლის იანვრის თვის მონაცემებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, კერძოდ  ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 328 პროექტი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 800 მლნ ლარს აღემატება, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 13 200-ზე მეტ ადამიანს შეადგენს.   

შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში ‒ ბიზნესის“ მიმართულების მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა. სააგენტოს მთავარი მისია ქართული საწარმოების მხარდაჭერაში, მოგების გაზრდასა და გლობალური კონკურენტუნარიანობის განვითარებაში მდგომარეობს.