News
პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ტრეინინგ კურსი დასრულდა
31 Jan 2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“  და ამერიკის საელჩოს ორგანიზებით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში გამართული ტრეინინგ კურსი დასრულდა.  

კურსს, რომელსაც ცნობილი პროდიუსერი და ტრენერი რიჩარდ გაისი მასპინძლობდა, 23 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდა.ზემოთ ხსენებულს ნამუშევარი აქვს ჯიმ ჯარმუშის მხატვრულ ფილმზე „Ghost Dog: The Way of the Samurai”, ასევე დოკუმენტალისტიკაზე ისეთ კინორეჟისორებთან, როგორებიც არიან ვუდი ალენი, მაიკ ნიკოლასი და ჯონ საილესი.

აღნიშნული სასწავლო კურსის ფარგლებში, 20 პროდიუსერმა და ადგილობრივი საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენელმა  საერთაშორისო ბაზარზე ფართოდ გავრცელებულ კომპიუტერული პროგრამა Movie Magic შეისწავლა, როგორც დაგეგმარების, ასევე ბიუჯეტირების კუთხით. დღეს 31 იანვარს, კი თითოეულ მონაწილეს ტრეინინგზე დასწრების დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში შემოსულია 10 განაცხადი, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულდა ფილმზე, დამატებით 1 ფილმზე კი გადაღებები მალე დაიწყება. შემოსული პროექტებიდან ოთხი ინდური კინოპროდუქციაა, ერთი ქართულ-გერმანულ-ფრანგული კოპროდუქცია, ერთი ქართულ-ამერიკულ-ნორვეგიული, ორი ქართულ-ფრანგული, ქართულ-ირლანდიური, ერთიც კი ამერიკული. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამურად 17 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, გადაღებებისას კი დასაქმებულთა რაოდენობა 1850 ადამიანს შეადგენს.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ამჟამად სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებებზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროგრამის ფარგლებში 3 პროექტს, რომლებიც პროგრამის ფარგლებში ე.წ cash rebate მექანიზმით სარგებლობდნენ, საქართველოში დახარჯული ბიუჯეტის კვალიფიციური ხარჯების 20% უკვე აუნაზღაურდათ. აღნიშნული პროგრამა კი კიდევ უფრო მეტ პროდიუსერს უჩენს ინტერესს გადმოიტანონ კინოწარმოება საქართველოში და დაიბრუნონ კინოგადაღებებზე დახარჯული თანხის ნაწილი.