News
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება
11 Jan 2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“  მხარდაჭერით, კიდევ ერთი ახალი საწარმო, შპს „ჯეოჩემი“ გაიხსნება.

სააგენტოში არსებული ინვესტიციის მიმართულების წარმომადგენლების დახმარებით, კომპანია საქართველოს ბაზარს 6 თვის განმავლობაში იკვლევდა და მომზადდა ვრცელი ბიზნესგეგმაც, რომლის თანახმადაც შპს „ჯეოჩემი“ ვალდებულია 2 445 168 ლარის ინვესტიცია განახორციელოს. თუმცა კომპანიიის სამომავლო გეგმებში  ჯამურად 4 000 000 ლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება შედის.

აქვე აღსანიშნავია, რომ კომპანიას, რომელიც თბილისში წებოებისა და საღებავების მწარმოებელ საწარმოს გახსნის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ქალაქ თბილისში, ქინძმარაულის ქ. #33-ში მდებარე 4 022 კვ.მ უძრავი ქონება გადასცა.

საწარმო, სადაც 40-მდე ადამიანი დასაქმდება, ორიენტირებულია ექსპორტზე და აპირებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია როგორც ევროპის, ასევე ჩინეთის ბაზარზე განახორციელოს.

შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში - ინვესტიციის“ მიმართულების მიზანია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების  მოზიდვა,  ხელშეწყობა და განვითარება. აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს ერთგვარ მოდერატორს უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის, მუშაობს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ და ეხმარება დაინტერესებულ ინვესტორებს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებასა და ქართულ მხარესთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაში.

2017 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ კერძოდ ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 323 პროექტი, ინვესტიციის ჯამრი მოცულობა 786 მლნ ლარს აღემატება, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 13 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს.