ქვეყნის პროფილი
ქვეყნის მიმოხილვა

 

საქართველო რეფორმების, ეკონომიკური განვითარებისა და პროგრესული დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების თვალსაზრისით კავკასიის რეგიონში მოწინავე ქვეყანას წარმოადგენს. ქვეყნისთვის პრიორიტეტულია წარმატებით გაიაროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა და ინვესტორებს შესთავაზოს ბიზნესის კეთებისთვის ხელსაყრელი გარემო, ამასთანავე, დაამყაროს ურთიერთობები საზღვრებს მიღმა სუბიექტებთან.

საქართველო გეოგრაფიულად ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს და წარმოადგენს უმოკლეს სატრანსპორტო მარშრუტს ორ რეგიონს შორის. ქვეყნის უნიკალური და სტრატეგიული მდებარეობა ევროპის, კასპიის რეგიონის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ აზის ქვეყნებს შორის მზარდი სავაჭრო ნაკადებით სარგებლობის შესაძლებლობას იძლევა. საქართველოში არსებული ერთ-ერთი ყველაზე დაბალი და მარტივად მართვადი საგადასახადო რეჟიმი, პოლიტიკური სტაბილურობა, გაუმჯობესებული ბიზნეს კლიმატი დაბალ საოპერაციო ხარჯებთან ერთად  და ბიზნესის მხარდაჭერაზე ორიენტირებული  მთავრობა ქვეყნის მასშტაბით ინვესტიციებისთვის მიმზიდველ გარემოს ქმნის.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საქართველო გაორმაგებული ძალისხმევითა და შემართებით აქტიურად აგრძელებს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ სვლას. 

ეკონომიკური ვითარების მიმოხილვა

ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველომ განიცადა მნიშვნელოვანი ეკონომიკური წინსვლა.  მსოფლიო ბანკის პროგნოზით მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში წლიური მშპ-ს ინდიკატორი გაიზრდება 5%-ით, რაც საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნად მოაზრების პერსპექტივას ქმნის.  

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის  შესახებ გაფორმებული შეთანხმება, საქართველოს ევროკავშირის ბაზარის (რომელიც 500 მილიონ ადამიანს მოიცავს) ნაწილად ქცევის შესაძლებლობას აძლევს, ხოლო, თურქეთთან, სხვა მეზობელ და დსთ-ს ქვეყნებთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის  შეთანხმების არსებობით კი საქართველო მილიარდზე მეტ ადამიანს სთავაზობს ევროკავშირის ბაზარზე ხელმისაწვდომობას. გარდა ამისა, საქართველოს გაფორმებული აქვს GSP (პრეფერენციული სავაჭრო შეთანხმება) სავაჭრო შეთანხმებები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, იაპონიასთან, კანადასთან, შვეიცარიასა და ნორვეგიასთან.

საქართველოში იზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობაც. ამავდროულად, წარმოება, რომლის წვლილი მშპ-ში 17%-ზე მეტია, წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას. რეალურად, ბოლო 5 წლის მანძილზე წარმოებაში საშუალოდ წლიური 19 %-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2014 წელს, სოფლის მეურნეობის სექტორი თითქმის 10%-ით გაიზარდა, ხოლო ინდუსტრიული პროდუქცია - დაახლოებით 7%-ით. რაც შეეხება სატრანსპორტო და საკომუნიკაციო სექტორს, 2009 წლის შემდეგ 13%-ით მოიმატა და ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 11% ითვლის. 

საქართველო ფლობს დიდი რაოდენობის ჰიდრო რესურსს, რისი გათვალისწინებითაც უკანასკნელი წლების განმავლობაში ქვეყანამ ენერგო სექტორის კუთხით 1.4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა მოახერხა. ამჟამად, საქართველო იყენებს  ელექტროენერგიის წარმოების პოტენციალის მხოლოდ 25%-ს.

აღსანიშნავია, რომ მზარდი ტენდენცია შეინიშნება ტურიზმის სფეროშიც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, ტურისტებს სთავაზობს მრავალფეროვანი  სახის მომსახურებას საზღვაო, სათხილამურო, სპა და გამაჯანსაღებელი კურორტების სახით. 2014 წლის მონაცემებით 5.5 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობდა საქართველოს, მაშინ როცა ქვეყნის მოსახლეობის მთლიანი რაოდენობა 4.5 მილიონს შეადგენს. შესაბამისად, თბილისში სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი რეგულარულად აღემატება 70%-ს და ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე ათეულობით ახალი სასტუმრო მზად არის გასახსნელად.