სიახლეები
ქართული კომპანიები ESOMAR-ის “Big data World 2017” კონფერენციას დაესწრნენ
04 დეკ 2017

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, 27-29 ნოემბერს, 4 ქართული კვლევითი კომპანია, ნიუ იორკში  დაგეგმილ ESOMAR-ის “Big data World 2017” კონფერეციას დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ ESOMAR-ი მსოფლიოში კვლევითი კომპანიების და პროფესიონალების ყველაზე ავტორიტეტულ და დიდ საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომლის მიზანია განავითაროს, ხელი შეუწყოს და წაახალისოს კვლევითი ბიზნესი მსოფლიო მასშტაბით. ამასთან, დაეხმაროს ავტომატიზებული სისტემის მქონე კომპანიებს შექმნან საქმის წარმოების ეფექტური და წარმატებული სტრუქტურა. სწორედ ამ მიზნით, ღონისძიების ფარგლებში განხილულ იქნა კვლევით სფეროში არსებული უახლესი გამოწვევები, კვლევის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ცვლილებები, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტები და უახლესი მიღწევები.

მნიშვნელოვანია, რომ ზემოთხსენებულ ღონისძიებაზე ქართულმა კომპანიებმა  დაამყარეს მნიშვნელოვანი ბიზნეს კავშირები უცხოურ კვლევით კომპანიებთან.

შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში ‒ ექსპორტის“ მიმართულების მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება. ასევე, ექსპორტიორი კომპანიების პროდუქტისა და მომსახურების პოპულარიზაცია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.


ჩამოტვირთე მეტი »