სიახლეები
"ქართულია და კარგია" - მეწარმეობის განვითარების სააგენტო ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის საერთაშორისო სოციალურ აქციას უერთდება
27 სექ 2016

ქართულია და კარგია - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო ეროვნული ნაწარმის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობისთვის  მსოფლიო სოციალურ აქციას  InsideOutProject („შიგნიდან გარეთ“)  უერთდება.

საერთაშორისო პროექტის InsideOutProject  ფარგლებში საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში  უკვე მესამედ მოხვდა და ამჯერად ფოტო ობიექტივში მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიერ მხარდაჭერილი მეწარმეები მოექცნენ.

სოციალური აქცია სახელწოდებით „ქართულია და კარგია“ თბილისის სხვადასხვა ქუჩების კედლებზე პორტრეტების გაკვრით საზოგადოებას მოუწოდებს შეიძინონ ეროვნული პროდუქცია და ხელი შეუწყონ ქართულ ნაწარმს, ამით კი დაეხმარონ ქვეყნის განვითარებას.  

სოციალური აქციის „ქართულია და კარგია“ ფარგლებში ელბაქიძის აღმართსა და კოსტავას ქუჩაზე არსებულ კედლებზე სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ჩართული საწარმოების წარმომადგენლების პორტრეტები განთავსდა მათ მიერ წარმოებულ ქართულ პროდუქციასთან ერთად. კედლებზე გაკრულ პოსტერებზე ასევე ასახულია ქართველი დიზაინერებისა და ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლების ფოტოები.

აქციის მთავარი გზავნილიც „ქართულია და კარგია“ ზედმიწევნით ასახავს თანამედროვე ქართული წარმოების მაღალ ხარისხს და კონკურენტუნარიანობას, შესაბამისად, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული ინიციატივის მიზანია მოქალაქეებმა იგრძნონ სამეწარმეო სულისკვეთება და გაითავისონ, რომ  ყოველი საქართველოში წარმოებული პროდუქტით და შეძენილი ქართული ნაწარმით თითოეული მოქალაქე ქვეყანაზე და მის წინსვლაზე ზრუნავს.

შენიშვნა:

საერთაშორისო პროექტის InsideOutProject არსი გლობალური ჩართულობის უზრუნველყოფითა და კონკრეტული გზავნილების გავრცელებით მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლაა. პროექტი ახალგაზრდა ფრანგი ხელოვანის ჯეი არის წამოწყებულია და თითოეულს აძლევს საშუალებას საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული ჯგუფური აქცია იტვირთება ავტორის გვერდზე, რომელსაც მილიონობით ვიზიტორი სტუმრობს ყოველდღიურ რეჟიმში. ონლაინ გამოფენას რომელშიც მონაწილეობა საერთო ჯამში 112 ქვეყნიდან 200 000 ადამიანს აქვს მიღებული და თემატურადაც მრავალფეროვან, კონკრეტული ქვეყნისთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, საქართველო კიდევ ერთხელ შეუერთდება.

საქართველოს მასშტაბით აღნიშნული პროექტის ფარგლებში ორი კამპანია, მცოცავი ოკუპაციისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის თემებზე განხორციელდა. „Eyes Wide Shut” მთავარი გზავნილით „ნუ დახუჭავთ თვალებს“ ოკუპაციის ხაზზე დაძაბულობის საპასუხოდ დაიგეგმა, რომლიც საზოგადოებისთვის აქტიური ჩართულობისკენ მოწოდებას ემსახურებოდა. აქციის „მოქალაქეობა პასუხისმგებლობაა“ მიზანს კი სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო პირების პასუხისმგებლობის ამაღლების მნიშვნელობის ხაზგასმა წარმოადგენდა.

 


ჩამოტვირთე მეტი »