სიახლეები
სექტორული შეხვედრა სათამაშოების მწარმოებელ ქართულ კომპანიებთან
12 მარ 2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 12 მარტს მეორე ერთობლივი შეხვედრა გაიმართა სათამაშოების სექტორში მოღვაწე ქართულ კომპანიებთან.

ღონისძიებას 20-მდე კომპანია დაესწრო, რომლებიც ხელნაკეთ, ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოებს, სამაგიდო თამაშებსა და შემეცნებით-საგანმანათლებლო სათამაშოებს აწარმოებენ. აღნიშნული შეხვედრის მიზანია სათამაშოების სფეროში მოღვაწე კომპანიების საჭიროებების კვლევის ანალიზი და სექტორის სამოქმედო გეგმის განხილვა. ამასთანავე, წარმომადგენელი კომპანიები საკუთარ ხედვებსა და საჭიროებებს გაუზიარებენ დამსწრე საზოგადოებას. ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები დამსწრე საზოგადოებას გააცნობენ ევროპის მეწარმეთა ქსელის (Enterprise Europe Network) ვებ-გვერდზე რეგისტრაციის მნიშვნელობასა და აღნიშნული პლატფორმის შესაძლებლობებს.

აღსანიშნავია, რომ პირველი სექტორული შეხვედრის ფარგლებში, დასახული გეგმების გათვალისიწნებით 2018 წლის 31 იანვარიდან - 4 თებერვალის ჩათვლით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ნიურნბერგში გამართულ სათამაშოების გამოფენაზე - “Spielwarenmesse 2018” სამმა ქართულმა კომპანიამ: შპს „კოდალა“, შპს „ჯეოთოიზ“ და შპს „თამაშობანა“ მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ წარმატებულ შეთანხმებებსაც კი მიაღწიეს.

შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში ‒ ექსპორტის“ მიმართულების მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.