სიახლეები
2 დღიანი სამეწარმეო მარკეტი მეიდანზე
29 სექ 2017

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით 30 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, 13:00-დან 22:00სთ-მდე, გაიმართება ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი, რომლის მიზანია ქართველი მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაცია.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას გახსნის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მარიანა მორგოშია.

გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა - სუვენირები, სამოსები, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, სასურსათო პროდუქცია და სხვა. ამასთანავე, ღონისძიებაზე მოეწყობა სხვადასხვა პროდუქციის დეგუსტაცია, სადაც თითოეულ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი და სამომავლო თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი კავშირები დაამყაროს ადგილობრივ მწარმოებლებთან. 

ღონისძიება განხორციელდება თანამედროვე თემატიკით, სადღესასწაულო ფორმატში, მუსიკალური გაფორმებით, სასიამოვნო დიზაინით, განათებით და ბავშვებისთვის დამატებითი შემოქმედებითი გასართობი სივრცეებით.

ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინფორმაციო სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ მეტი სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერად შემოთავაზებული მექანიზმების შესახებ.

 


ჩამოტვირთე მეტი »