სიახლეები
ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა (China International Import Expo)
16 მაისი 2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან გამოფენაში China International Import Expo – CIIE მიიღონ მონაწილეობა, რომელიც 2018 წლის 5-დან 10 ნოემბრის ჩათვლით, ჩინეთში, ქალაქ შანხაიში, გაიმართება.

ჩინეთის მთავრობის მასპინძლობით, ღონისძიებაში, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ბიზნეს მოლაპარაკებების დაწყებას მონაწილე ქვეყნებს შორის, თანამშრომლობის გაძლიერებასა და კონტაქტების დამყარებას, ჩაერთვება სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურისა და ბიზნესის სექტორის წარმომადგენელი. საერთაშორისო ღონისძიება, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 150 000-მდე  სხვადასხვა ბიზნეს წრეების წარმომადგენელი დაესწრება, უპრეცედენტო შესაძლებლობას აძლევს ქართულ კომპანიებს, მოახდინონ საკუთარი საქონლისა და მომსახურების ექსპორტი ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში.

გამოფენაზე, სექტორების შესაბამისად წარმოდგენილი იქნება ექსპორტზე ორიენტირებული სხვადასხვა 60 ქართული კომპანია. გარდა ამისა ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ქვეყნის პავილიონი სადაც ღონისძიების მონაწილეები, საქართველოს ბიზნეს კლიმატს - საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობეს გაეცნობიან.

აღსანიშნავია, რომ 5-დან 9 მაისის ჩათვლით, ღონისძიების სათანადოდ წარმართვისა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარების მიზნით, საქართველოს დელეგაცია, კერძოდ საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, დავით აფციაური და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა რამდენიმე შეხვედრა, რომელსაც ქართულ მხარესთან ერთად ჩინეთის კომერციის სამინისტროს წარმომადგენლები, „China International Import Expo”-ს გენერალური დირექტორი, სუნ ჩენგაი და საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა საქართველო-ჩინეთის სავაჭრო და პოლიტიკური ურთიერთობა და ღონისძიების საორგანიზაციო საკითხები.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ კომპანიებს, რომლებიც მზად არიან დააკმაყოფილონ პოტენციური შემსყიდველების მოთხოვნები, რაც დაკავშირებულია პროდუქციის რაოდენობასთან, ხარისხთან, საქონლის სისტემატურ და შეუფერხებელ მიწოდებასთან.

 


ჩამოტვირთე მეტი »