სიახლეები
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის შეჯამება
16 ივნ 2017

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის "აწარმოე საქართველოში" მიერ განხორციელებული მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა ხელს უწყობს რეგიონული მოსახლეობის გააქტიურებას წამოიწყონ ან გააფრთოვონ საკუთარი ბიზნესი.  ფინანსური დახმარების გაწევის გზით რეგიონის მაცხოვრებლებს ეძლევათ შესაძლებლობა წამოიწყონ საკუთარი საქმე, ხოლო საკონსულტაციო კომპონენტის არსებობა უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ცოდნის ამაღლებას ბიზნესის კეთების კუთხით.

აღსანიშნავია, რომ ბოლო მონაცემებით მხარდაჭერილია 3 205 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მინიმალური მოცულობა შეადგენს 29 155 007 ლარს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 8 000-მდე ადამიანი, ამასთანავე თანადაფინანსების სახით გაიცა 22 942 704 ლარი, სადაც გვყავს 4 909 ბენეფიციარი.

შენიშვნა:

მიკრო და მცირე მეწარმეობის  ხელშეწყობის ინიციატივა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ.

პროგრამის უმთავრესი ამოცანაა რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარება მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერისა და რეგიონული ბაზრების განვითარების გზით. პროექტი ასევე მიზნად ისახავს მოსახლეობის შემოსავლების ზრდასა და  მიკრო ბიზნესის წამოწყების ხელშემწყობი პროგრამების ეკონომიკურად მოწყვლად რეგიონებში დანერგვას. საერთო ჯამში, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი მიმართულია  რეგიონებში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საერთო კეთილდღეობის ამაღლებისაკენ; მცირე ბიზნესისათვის ადამიანური და საწარმოო კაპიტალის შექმნითა და განვითარებით, მათთვის ინტენსიური საკონსულტაციო მომსახურების გაწევით საკმაოდ რეალისტურია  რეგიონში არსებული სამეწარმეო საქმიანობის გამოცოცხლება და გააქტიურება.

პროგრამის განხორციელების შედეგად მოსალოდნელია მსხვილ ქალაქებსა და რეგიონებს შორის ეკონომიკური უთანასწორობის შემცირება, რაც, თავის მხრივ,  დადებითად აისახება რიგ ფაქტორებზე,  რაც გულისხმობს:

  • რეგიონული ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდას;
  • რეგიონის მკვიდრთა შემცირებული მიგრაციას (დედაქალაქში ან/და საზღვარგარეთ);
  • რეგიონში თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკის დამკვიდრებას;
  • რეგიონული პროდუქციის დივერსიფიკაციას;
  • ადგილობრივ პროდუქციაზე მოთხოვნის მატებას;
  • დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას;

კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა  აქვს პირს, რომელიც  სრულწლოვანია (18 წელს მიღწეული) , არის საქართველოს მოქალაქე , არ არის საჯარო მოხელე,  არ არის სსიპ  მეწარმეობის სააგენტოს თანამშრომელი ან მისი ოჯახის წევრი, არ გააჩნია მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე განაცხადის შეტანის მომენტში და აცხადებს მზაობას ბიზნეს გეგმების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად.