სიახლეები
თანამშრომლობის ხელშეწყობა განათლებასა და ბიზნესს შორის
12 აპრ 2018

12 აპრილს, 14:00სთ-ზე, სასტუმროში „თბილისი მარიოტი“, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ევროპის განათლების ფონდის (ETF) ორგანიზებით,  გაიმართა შეხვედრა „თანამშრომლობის ხელშეწყობა განათლებასა და ბიზნესს შორის,“ რომელიც ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებისა და უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს შორის შედგა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მიზანს წარმოადგენს აღნიშნულ ინდუსტრიებს შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის ჩატარებული კვლევის პირველადი შედეგების გაცნობა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიების პროფესიული განათლების სექტორთან დაკავშირება, რათა განხორციელდეს კვლევის დასკვნითი ფაზა, რომელმაც უნდა მოიცვას რეკომენდაციები ამ თანამშრომლობის გაუმჯობესებისთვის.  კვლევის მიზანია, სასტუმრო და მასპინძლობის ინდუსტრიასთან დაკავშირებული სამუშაო ძალის უნარ-ჩვევების განვითარება, რაც ინდუსტრიაში მცირე და საშუალო ბიზნესის მეტ ეფექტურობას განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ კვლევის ეფექტურად წარმართვისთვის, გამოკითხულ იქნა 20-მდე სასტუმროსა და 10-მდე პროფესიული განათლების დაწესებულების წარმომადგენლები. აღნიშნული კვლევის წინაპირობა 2015-2016 წლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ევროპის განათლების ფონდის ორგანიზებით (ETF) ჩატარებული „Trainings Needs Assessment” გახდა, რომლის საფუძველზე გამოიკვეთა სასტუმრო ინდუსტრიის დარგში არსებული გამოწვევები. 

ღონისძიების ფარგლებში, ჩატარდა პრეზენტაცია, რომელიც დაეთმო კვლევის პირველი ორი ფაზის შედეგების გაცნობასა და თანამშრომლობის საკითხების მიმოხილვას.  პრეზენტაციის დასრულებისთანავე კი, გაიმართა დისკუსია, რომლის შედეგებზე დაყრდნობითაც დასრულდება კვლევის ბოლო,  მესამე ფაზა.

ღონისძიებას ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიების და უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლების გარდა დაესწრო ევროპის დელეგაციის, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ETF-ისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები. 


ჩამოტვირთე მეტი »