სიახლეები
თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი
01 დეკ 2017

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით 2017 წლის 4-10 დეკემბერს, თბილისში, თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ჩატარდება.

აღნიშნულ კინოფესტივალში, რომელიც კინოთეატრებში „ამირანი“ და „რუსთაველი“ და  გაიმართება, მონაწილეობას მიიღებს 81 უცხოელი კინემატოგრაფისტი, რომლებიც 7 დღის განმავლობაში დაესწრებიან როგორც კინოჩვენებებს, ასევე სხვადასხვა ტიპის სასწავლო სემინარებსა და პრეზენტაციებს. 4 დეკემბერს კი კინოფესტივალი უნგრელი რეჟისორის ილდიკო ენიეიდის ფილმით "სულისა და სხეულის შესახებ" გაიხსნება, რომელიც 2017 წლის ბერლინალეს ოქროს დათვის მფლობელია.

სწორედ აღნიშნული ფესტივალის ფარგლებში, კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს გააცნობენ პროგრამის დეტალებსა და პირობებს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების მოედნის პოპულარიზაციასა და აუდიტორიისთვის ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის დანერგილი ე.წ “cash rebate” მექანიზმის გაცნობას.

შეგახსენებთ, რომ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში შემოსულია 9  საერთაშორისო განაცხადი, რომელთა ინვესტიციის მოცულობა 15 მილიონ ლარზე მეტია, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა კი  1800 ადამიანს აღემატება. შემოსული პროექტებიდან ოთხი ინდური კინოპროდუქციაა, ერთი ქართულ-გერმანულ-ფრანგული კოპროდუქცია, ერთი ქართულ-ამერიკულ-ნორვეგიული, ორი ქართულ-ფრანგული და ერთიც კი ამერიკული.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ამჟამად სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებებზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, სასიამოვნო წარმატებაც, რომ პროგრამის ფარგლებში შპს „იგელ პროდაქშენს“, რომელიც პროგრამის ფარგლებში ე.წ cash rebate მექანიზმით სარგებლობდა, საქართველოში დახარჯული ბიუჯეტის კვალიფიციური ხარჯების 20% უკვე აუნაზღაურდა. აღნიშნული პროგრამა კი კიდევ უფრო მეტ პროდიუსერს უჩენს ინტერესს გადმოიტანონ კინოწარმოება საქართველოში და დაიბრუნონ კინოგადაღებებზე დახარჯული თანხის ნაწილი. 

 


ჩამოტვირთე მეტი »