სიახლეები
თბილისის მოდის კვირეული 19-22 აპრილს გაიმართება
02 აპრ 2018

თბილისის მოდის კვირეულის მე-17 სეზონი 19-დან 22 აპრილის ჩათვლით გაიმართება. 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის კოლექციების ჩვენებებს, შოურუმს და სხვა ღონისძიებებს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი უმასპინძლებს. კვირეული თბილისის მერიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის მხარდაჭერით ხორციელდება Check in Georgia-ს ფარგლებში.

კვირეულმა დაამკვიდრა ტრადიცია და გახსნის დღეს ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდებს უთმობს. 19 აპრილს, SOLO წარმოადგენს პროექტს „მედეა ჯაფარიძე - Style Icon”, რომელიც თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაღში ჩატარდება. წვეულებაზე გაცოცხლდება კადრები ფილმიდან „ქეთო და კოტე“, პერფორმანსის და გამოფენის სახით ვიხილავთ „ქეთოს სამოსს“, ღარაჩოღლებსა და სხვა ამონარიდებს კლასიკად ქცეული ქართული ფილმიდან.  

კვირეულის 4 დღიანი პროგრამა მოიცავს 20-მდე ღონისძიებას, რომელთა შორისაა ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებები: ქეთი ჩხიკვაძე, ანი დათუკიშვილი, Tsite by Tamara Tsiteladze, ლაშა ჯოხაძე, ELENNY, MIA, SAYYA, MIRO, Mak Mari. ჩვენებების პარალელურად ასევე მოეწყობა სხვა ღონისძიებები: Martini და Sobranie after party გაიმართება Museum Hotel-ში, ატელიე მართას აქსესუარების პრეზენტაცია „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე მოეწყობა კაფეში „შავი ლომი“, Flying Painters პრეზენტაცია გაიმართება ფაბრიკაში, Ethere accessoire პრეზენტაცია/პერფორმანსი თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ბაღში იქნება წარმოდგენილი, ახალგაზრდა არტისტების Authentic Art Lab გამოფენას “ელემენტარული ნაწილაკები“ რესტორანი „სტრადა“ უმასპინძლებს მარჯანიშვილზე. კვირეულის განრიგშია ასევე ექსპოზიცია „ქართული სამოსი“, რომელიც სპეციალურად საერთაშორისო პრესისთვის გაიმართება საქართველოს ხელოვნების სასახლეში.

გრძელდება პროექტი - Talks by Marketer.ge - საუბარი მოდის მარკეტინგზე 21 აპრილს გაიმართება. SOLO-ს ლაუნჯი ჭავჭავაძეზე 100-მდე მარკეტოლოგსა და მოდის მიმდევარს გაუღებს კარს, რათა INSTITUTO MARANGONI-ის ხელმძღვანელის გიუზი ლარას და მოდის საერთაშორისო პორტალის NOWFASHION მთავარი რედაქტორის ელიზაბეტა ტუდორის გამოსვლა მოისმინონ. ღონისძიება დახურულ ფორმატში გაიმართება და მასზე დასწრების უფლების მიღება, მხოლოდ კვირეულის ორგანიზატორებისგან და Marketer.ge-სგან არის შესაძლებელი.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით რამდენიმე მნიშვნელოვანი მყიდველი/ბაიერი ჩამოვა თბილისში და ქართველ დიზაინერებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო გაყიდვები აწარმოონ ისეთ პარტნიორებთან როგორებიცაა H Lorenzo (LA, USA), ALDUCA D’AOSTA (VENEZIA, Italy), TOMORROW SHOWROOM (MILAN, PARIS, LONDON, NEW YORK), Mytheresa.com (Germany), Espacemonochrome.com (Monaco),  Bangkok department store, Saks Fifth Avenue (Kazakhstan), Youconcept London (UK). ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით თბილისის მოდის კვირეულს ამ სეზონზე 20ზე მეტი საერთაშორისო გამოცემა გააშუქებს, რომელთა შორისაა  Vogue Italia, Vogue UK, Vogue Russia, Vogue Ukraine, Vogue Poland, Style Sight Worldwide, Buro 24/7, L’officiel Ukraine, Harper’s Bazaar Kazakhstan - Ukraine and Russia, NOWFASHION, Glamour Italy and Netherlands, WWD, WhoWhatWear, Trendspace, Esquire Italy, Oyster magazine, Hunger Magazine, StreeTrends, SNC magazine, Refinery 29, Frankie & Clo.

მხარდამჭერები: თბილისის მერია, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, Check in Georgia.

 

 

 


ჩამოტვირთე მეტი »