სიახლეები
გერმანიაში გამართულ სათამაშოების გამოფენაზე, ქართულმა კომპანიებმა 10-მდე წარმატებულ შეთანხმებას მიაღწიეს
06 თებ 2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, 2018 წლის 31 იანვარიდან - 4 თებერვალის ჩათვლით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ნიურნბერგში გამართულ სათამაშოების გამოფენაზე - “Spielwarenmesse 2018” სამმა ქართულმა კომპანიამ: შპს „კოდალა“, შპს „ჯეოთოიზ“ და შპს „თამაშობანა“ მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ გამოფენის მეორე დღეს ქართულმა სათამაშოების მწარმოებელმა კომპანიებმა უკვე 50-ზე მეტი ინდივიდუალური შეხვედრა გამართეს პოტენციურ დამკვეთებთან, მათ შორის დაახლოებით 10 წარმატებულ შეთანხმებას მიაღწიეს.

მნიშვნელოვანია, რომ სათამაშოების წარმოების კუთხით აღნიშნული ღონისძიება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია, რომელშიც 2850-ზე მეტი სათამაშოების მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს 60 ქვეყნიდან. ვიზიტორების რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით 73 000-ს შეადგენს.

სათამაშოების გამოფენაზე - “Spielwarenmesse 2018”  მონაწილეობის მიზანს ქართულ კომპანიების ხელშეწყობა წარმოადგენდა, რათა დაემყარებინათ წარმატებული ბიზნეს კავშირები უცხოელ პოტენციურ პარტნიორებთან თუ დამკვეთებთან, ასევე უკეთ გაცნობოდნენ გლობალურ ტენდენციებს და თანამდეროვე ტექნოლოგიების როლს აღნიშნულ სექტორში.

შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში ‒ ექსპორტის“ მიმართულების მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.


ჩამოტვირთე მეტი »