სიახლეები
კვირის მეწარმე -“Glass Art Studio”
04 სექ 2017

ისტორია

„ჩვენი სტუდია სახელოსნო სათავეს 2016 წლის სექტემბრიდან იღებს. გადავწყვიტეთ რომ შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც დღითიდღე უფრო მეტად პოპულარული, გახდებოდა და რაც მთავარია ჩვენი მყიდველი მუდამ კმაყოფილი იქნებოდა შეძენილი პროდუქტის ხარისხითა და ვიზუალით.“

  • რა არის თქვენი სტრატაპის შექმნის მთავარი ინსპირაცია?

ბიზნესის “Glass Art Studio” შექმნის მთავარი შთაგონება და მიზანი ქართველი მომხმარებლებისათვის ახალი და განსხვავებული პროდუქტის შეთავაზებას წარმოადგენს. ეს არის საქმე რომელიც ჩვენც გვახალისებს და სწორედ ამ მუხტითა და ენერგიით ვქმნით თითოეულ ნივთს.

  • თანამშრომლობთ თუ არა ქართულ სტარტაპ კომპანიებთან?

2017 წლის აგვისტოში ვმონაწილეობდით გამოფენა-გაყიდვაში „Startup Market Batumi” სადაც საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა მეწარმე გავიცანით და მნიშვნელოვანი ბიზნეს კონტაქტებიც კი დავამყარეთ. შესაბამისად, სამომავლოდაც ვგეგმავთ რამდენიმე კომპანიასთან აქტიურ თანამშრომლობას.

  • რა კონკურენტული უპირატესობით გამოირჩევა თქვენი პროდუქცია სხვა თანამედროვე მსგავსი ტიპის ბრენდებისგან?

ჩვენ ვართ პირველი სტუდია - სახელოსნო საქართველოში, რომელიც მუშაობს ვენეციურ შუშაზე და ქმნის სამკაულებს მომხმარებლის შეკვეთით, დიზაინით და გემოვნებით. ასევე, მომხმარებლებს საშუალება ვაძლევთ თავად იხილონ შექმნის პროცესი და სურვილის შემთხვევაში დაეუფლონ კიდეც ამ ხელოვნებას.

  • ვინ არის თქვენი მომხმარებელი?

ჩვენ პროდუქციით როგორც ქართველი მოსახლეობა ასევე უცხოელი ტურისტები ინტერესდებიან. უცხოელი მყიდველები ხშირად გვეკითხებიან თუ რა ტექნოლოგიით ვამზადებთ პროდუქციას, საიდან ჩამოგვაქვს ნედლეული, რამდენად გამძლეა ესა თუ ის ნივთი და ა.შ.

  • თანამშრომლობთ თუ არა ქართულ ან უცხოურ კონცეპტუალურ მაღაზიებთან?

ამჟამად ვთანამშრომლობთ იტალიელ დიზაინერთან, დევიდ პენსოსთან, რომელსაც იტალიაში საკუთარი მაღაზი აქვს. ასევე, ვთანამშრომლობთ რუს დიზაინერებთან, რომლებსაც საკუთარი ბრენდი, „Glass in Fire” აქვთ და საკმაოდ წარმატებულებიც არიან როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

  • მომსახურების მხრივ რა უპირატესობა გაქვთ?

ჩვენთან, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს, არა მხოლოდ ჩვენს მიერ  შემოთავაზებული დიზაინი, არამედ თვითონ შექმნას ის დიზაინი ან მოგვაწოდოს იდეა რის მიხედვითაც მისთვის სასურველ ნივთს.

  • თქვენი აზრით, რატომ გახდით „კვირის მეწარმე“?

ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენს მიერ შექმნილი უნიკალური სამკაულები, რომელიც მურანოს შუშისგან მზადდება,  საკმაოდ უცხო და მიმზიდველია ქართველი მომხმარებლებისათვის. ქართველ მომხმარებელს სამკაულების დათვალიერება და შეძენა მაღაზიაში „Glass Art Studio“ შეუძლია, მისამართზე ღვინის აღმართის ქ. #5.