სიახლეები
კვირის მეწარმე -“Ice 'N Rolls”
08 სექ 2017

ისტორია

ბრენდის ისტორია დაიწყო 2016 წლის ბოლოს, როდესაც კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთოებების ორ სტუდენტს გაუჩნდა იდეა, შეექმნათ მომხმარებელზე მორგებული, ინოვაციური და ქართული ელემენტებით დატვირთული ნაყინის როლები. „2017 წლის 6 მაისს გავხსენით პირველი სანაყინე ისთ-ფოინთის სავაჭრო ცენტრში. ბუნებრივია აღნიშნული იდეის განხორციელებას წინ უძღვოდა ბრენდზე, სლოგანზე, ლოკაციაზე, აპარატურისა და გემოს დაყენებაზე მუშაობა. კომპანიის სლოგანი „შექმენი შენი ნაყინი-Roll Your Ice-Cream” ზუსტად ასახავს ნაყინის დამზადების კონცეფციას, სადაც მომხმარებელს შეუძლია თვითონ შექმნას სასურველი გემო და ნაყინი. ძალიან რთული იყო ორი სტუდენტისთვის მსგავსი სტარტაპის წამოწყება, თუმცა სწორედ ჩვენმა მოტივაციამ და სტიმულმა შეგვაძლებინა შეგვექმნა ის, რაც დღეს ძალიან მოთხოვნადი და პოპულარულია ქართველ მომხმარებელში“

  • რა არის თქვენი სტარტაპის შექმნის მთავარი ინსპირაცია?

გვინდოდა ქართველი მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა ახალი და განსხვავებული პროდუქტი, რომელიც მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. სწორედ ასეთი სიახლის ძიებაში გაჩნდა „აის ენ როლსის“ ნაყინის შექმნის იდეა.

  • თანამშრომლობთ ქართულ სტარტაპ კომპანიებთან?

ჩვენ აქტიურ თანამშრომლობას ვეწევით „სტარტაპ მარკეტთან“, რომლის ფარგლებშიც ორჯერ მივიღეთ მონაწილეობა და მნიშვნელოვანი კონტაქტებიც დავამყარეთ.

  • რა კონკურენტული უპირატესობით გამოირჩევა თქვენი პროდუქცია სხვა თანამედროვე მსგავსი ტიპის ბრენდებისგან?

ჩვენი კომპანია, მომხმარებელს ყველაზე მეტ ინგრედიანტს სთავაზობს, სადაც 8 სახეობის ალკოჰოლური ნაყინი შედის. აღსანიშნავია, რომ ორი ქართული ღვინით (ხვანჭკარა და ქინძმარაული) მზადდება. ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც ღვინისა და ჩურჩხელის საოცარი კომბინაციით ყველაზე ქართული ნაყინი მიიღო და შესთავაზა ქართველ ნაყინის მოყვარულებს. ამას გარდა, გემოები მუდმივად დინამიურად ვითარდება, ვცდილობთ ყოველდღე დავხვეწოთ, დავამატოთ ახალი და განსხვავებული გემოები, მომხმარებლის გემოვნებიდან გამომდინარე. დახვეწილი სტილით, მუდმივი სიახლეებითა და გემოვნებიანად შერჩეული ინგრედიანტებით ჩვენი ნაყინი უკეთესს სერვისს, გემოსა და პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს.

  • მასალა რომელსაც იყენებთ პროდუქციის დასამზადებლად იმპორტირებულია თუ ადგილობრივი?

ნაყინის დასამზადებლად გამოყენებული მასალა საქართველოშია დამზადებული. გამონაკლისია მხოლოდ რამდენიმე სახეობის ხილი და ალკოჰოლური სასმელი, რომელიც საქართელოში ფიზიკურად არ მზადდება.

  • რომელია ყველაზე მოთხოვნადი ნაყინის როლი თქვენს მენიუში და როგორ ფიქრობთ რატომ?

განსაკუთრებით მოთხოვნადია და დიდი პოპულარობით სარგებლობს ბეილისისა და კარამელის ნაზავი თხილთან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ნაყინის როლია ჩვენს მენიუში. თუმცა ზაფხულში, მაინც ყველაზე დიდი მოთხოვნა მარწყვის ნაყინზეა.

  • ვინ არის თქვენი მომხმარებელი?

ჩვენი მომხმარებელი ძირითადად 17-26 წლის ახალგაზრდები არიან, რომლებსაც ყველაზე მეტად აინტერესებთ სიახლე და სურთ განსხვავებული პროდუქტის გასინჯვა. რაც შეეხება ჩვენს ქართულ ნაყინს ღვინით, მას ქართველი მომხმარებლის გარდა, ბევრი ტურისტიც დიდი ინტერესით აგემოვნებს და რაც მთავარია კმაყოფილები რჩებიან.

  • მომსახურების მხრივ რა უპირატესობა გაქვთ?

ჩვენს მომსახურებაში, როგორც უკვე აღინიშნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მომხმარებელზე მორგებულობაა და რაც მთავარია არ არიან შეზღუდული არჩევანში. ამას გარდა, ჩვენთა მოსული ადამიანი გემრიელი ნაყინის გასინჯვის გარდა, თბილ დამოკიდებუებას ნამდვილად გრძნობს, სწორედ ამიტომ ვამბობთ „ცივი ნაყინით და თბილი გულით“.

  • თქვენი აზრით, რატომ გახდით „კვირის მეწარმე“?

ჩვენს მიერ შეთავაზებული სიახლეები ყოველთვის თვალში ხვდება მედიას, ბლოგერს თუ მომხმარებელს, რადგან პროდუქტის განსხვავებულობის მიუხედავად, მაინც ვცდილობთ უფრო და უფრო მეტი სიახლე შევთავაზოთ. ალბათ ჩვენი „კვირის მეწარმეში“ მოხვედრა, გარკვეულად ჩვენმა აქტიურობამ, მეორეს მხრივ კი, თავად პროდუქციისადმი დიდმა ინტერესმა გამოიწვია.