სიახლეები
მეორე ერთობლივი შეხვედრა არქიტექტორული მომსახურების და ინტერიერის დიზაინის კომპანიებთან
12 თებ 2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, მიმდინარე წლის 13 თებერვალს გაიმართება ერთობლივი შეხვედრა არქიტექტორული მომსახურებისა და ინტერიერის დიზაინის ქართულ კომპანიებთან.

სააგენტოს წარმომადგენლები უკვე მეორედ შეხვდებიან აღნიშნულ სფეროში არსებულ ქართული კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებთანაც პირველი შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს ის გამოწვევები და საჭიროებები, რასაც ქართული არქიტექტორული მომსახურების და ინტერიერის დიზაინის სფეროში მოღვაწე კომპანიები აწყდებიან ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარებზე.  ხვალინდელი შეხვედრის მთავარი მიზანი კი, ქართული კომპანიების ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერა და სამოქმედო გეგმის წარდგენაა, რომელიც სააგენტოს მიერ შემუშავდა კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობით. სწორედ აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ზვიად ქვლივიძე დამსწრე საზოგადოებას გააცნობს იმ მექანიზმებს რითაც სახელმწიფო ეხმარება კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

13 თებერვლის ღონისძიებას 30-მდე კომპანია დაესწრება, რომლებიც ოპერირებენ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე და სურვილი აქვთ მოახდინონ თავიანთი მომსახურების ინტერნაციონალიზაცია.

შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში - ექსპორტის“ მიმართულების მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.

 

 


ჩამოტვირთე მეტი »