სიახლეები
პროგრამა "გადაიღე საქართველოში"
05 ივნ 2018

საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი ყოველდღიურად უფრო აქტუალური და დატვირთული ხდება. კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 15 უცხოური პროექტი განხორციელდა. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

2018 წლის მაისის მონაცემებით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში შემოსულია 15 განაცხადი, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულდა 9 ფილმზე, დამატებით 6 ფილმზე კი გადაღებები ამჟამად მიმდინარეობს. შემოსული პროექტებიდან ექვსი ინდური მხატვრული ფილმია, ერთი ქართულ-იტალიურ-ფრანგული კოპროდუქცია, ერთი ქართულ-ამერიკულ-ნორვეგიული, ერთი ქართულ-ფრანგული, ერთი ქართულ-ბრიტანული, ერთი ქართულ-ირლანდიური, ერთი ქართულ-გერმანულ-ფრანგული, ერთი ქართულ-ამერიკული, ერთი ქართულ-თურქული, და ერთიც კი ქართულ-ჩინური.

აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამურად 26  მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, გადაღებებისას კი დასაქმებულთა რაოდენობა 2 00ზე მეტ ადამიანს შეადგენს.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ამჟამად სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებებზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, სასიამოვნო წარმატებაც, რომ პროგრამის ფარგლებში 6 პროექტს, რომლებიც პროგრამის ფარგლებში ე.წ cash rebate მექანიზმით სარგებლობდნენ, საქართველოში დახარჯული ბიუჯეტის კვალიფიციური ხარჯების 20% უკვე აუნაზღაურდა. აღნიშნული პროგრამა კი კიდევ უფრო მეტ პროდიუსერს უჩენს ინტერესს გადმოიტანონ კინოწარმოება საქართველოში და დაიბრუნონ კინოგადაღებებზე დახარჯული თანხის ნაწილი.

კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით.


ჩამოტვირთე მეტი »