სიახლეები
პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ახალი საწარმო გაიხსნა, რომელიც ცნობილი ბრენდისთვის ტანსაცმელს შეკერავს
17 მაისი 2018

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მხარდაჭერილ მამაკაცისა და ქალის ტანსაცმლის მწარმოებელი ქარხანა, შპს „ემჯიემტექს“, დღეს 17 მაისს ოფიციალურად გახსნა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სწორედ დღეს, საწარმომ პირველი შეკვეთა მიიღო მსოფლიოს მასშტაბით ისეთი ცნობილი ბრენდული კომპანიისგან, როგორიცაა: H&M.

კომპანია წარმოადგენს ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილ საწარმოს. შპს „ემჯიემტექსი“ არის  რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის „Ottorose”  შვილობილი კომპანია, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს, როგორებიცაა: „H&M“, „Mango“, „Zara“, „Coast“, „Colveta“, „United Collors of Benneton“, „Oasis“ და სხვა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, უახლესი ტექნოლოგიის საკერავ მანქანა-დანადგარების შეძენა შეძლო. საწარმო ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, კერძოდ უახლესი ტექნოლოგიით დამზადებულ, მაღალხარისხიან პროდუქციას ევროპის ქვეყნებში გაიტანს.

„ჩვენ ვიმყოფებით სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ საწარმოში, რომელიც დღეიდან დაიწყებს H&M“-ის პროდუქციის წარმოებას და ასევე მოლაპარაკების პროცესშია „ზარასთან“ და „ბენეტონთან.“ ეს არის ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილი საწარმო, სადაც ჯამში 7 000 000 ლარის ინვესტიცია ხორციელდება და მისი ნაწარმი ძირითადად მიმართული იქნება ექსპორტზე“ - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ქუთაისში კომპანია „ემჯიემტექსის.
ასეთი პროექტები პრინციპულად მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ძირითადად აქ ქალბატონები არიან დასაქმებულები, ასევე ეს არის კომპანია, რომლის ნაწარმიც ძირითადად ექსპორტზე გავა და ეს ძალიან წაადგება საქართველოს საექსპორტო პოტენციალის გაზრდას“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შპს „ემჯიემტექს“-ის ახალი საწარმოს ოფიციალურ გახსნაზე.

შპს „ემჯიემტექს“, რომელიც 2018 წლის აპრილის დასაწყისში ამოქმედდა, წლიურად 6 000 000 ლარის ტანსაცმლის წარმოებას შეძლებს. საწარმომ ამოქმედების პირველ ეტაპზე 130 ადამიანი დაასაქმა, 2 თვეში საწარმო გაეშვება სრული სიმძლავრით, დასაქმებულების რაოდენობა  250-მდე გაიზრდება, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კი დამატებით 400 თანამშრომლის დასაქმებას გეგმავს. რაც შეეხება, ინვესტიციის მოცულობას -  საწყის ეტაპზე შეადგენს 2 000 000 ლარს, ხოლო შემდეგ ეტაპზე კომპანია დამატებით 5 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.  აღნიშნული საწარმო ქუთაისში, ზ. გამსახურდიას გამზ. #47 არის განთავსებული.

 

 

 

 


ჩამოტვირთე მეტი »