სიახლეები
პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს ჰოლივუდის ლოკაციის მენეჯერები და პროდიუსერები სტუმრობენ
22 სექ 2017

2017 წლის 22-დან 30 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს, კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალის შესასწავლად ცნობილი ამერიკელი ლოკაციის მენეჯერები და პროდიუსერები სტუმრობენ.

ცნობილი ამერიკელი კინომწარმოებლების წარმომადგენლები ე.წ „ლოკაციის მენეჯერები“, რომლებსაც ისეთ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი როგორებიცაა : „Pretty women“, „The Princess Diaries“, „Miss Congeniality“, „27 Dresses“, „Shutter Island“, „The Aviator“, „Indiana Jones and the Kingdom of the Crystal Skull“ 1 კვირის განმავლობაში დაათვალიერებენ ბათუმს, წყალტუბოს, ჭიათურას, თბილისს, ყაზბეგს და რუსთავს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას, ქვეყანაში კინოინდუსტრიის წახალისებას და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ცენტრად ქცევას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამერიკულ დელეგაციას პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ განმახორციელებელი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში უცხოელ სტუმრებს   ქართველი კინომწარმოებლები და ქართული საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლები შეხვდებიან, მათ გამოცდილებას გაიზიარებენ და  გააცნობენ  ქართული კინოს შესაძლებლობებს  და არსებულ ინფრასტრუქტურას.

აღსანიშნავია, რომ პროგრამისადმი „გადაიღე საქართველოში“ ინტერესი საკმაოდ მაღალია რასაც შემოსული 9 განაცხადი მოწმობს, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა  15, 182 მლნ ლარს შეადგენს.

შენიშვნა:

2016 წლის დასაწყისში სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი „გადაიღე საქართველოში“ დაემატა, რომელიც კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ პროგრამის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციის კუთხით ხორციელდება რიგი ღონისძიებები მათ შორის ე.წ Road Show-ები, რისი მეშვეობითაც ხდება საერთაშორისო პროდიუსერებისათვის ინფორმაციის ამომწურავად გაცნობა, მხარეებისათვის გადასაღები ლოკაციების შეთავაზება და კინოწარმოებასთან დაკავშირებით ქვეყნის პოტენციალის სრულად წარმოჩენა.

 

 


ჩამოტვირთე მეტი »