სიახლეები
პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერილი პროექტი კანის კინოფესტივალზე წარდგება
12 აპრ 2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, გადაღებული ქართულ-ფრანგული კოპროდუქცია - „მზის გოგონები“ ("Girls of the Sun”) კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში „ოქროს პალმის რტოსთვის“ იბრძოლებს.

ფილმის სიუჟეტი ქურთისტანში ვითარდება, სადაც 2 განსხვავებული ქალის ცხოვრება იკვეთება. მთავარი გმირი ბაჰარი, რომლის როლსაც ცნობილი მსახიობი გოლშიფტე ფარაჰანი (Golshifteh Farahani) ასრულებს ქურთების, ქალთა ბატალიონის “მზის გოგონების“ ხელმძღვანელია. ხოლო ცნობილი მხატვრული ფილმის „Mon Roi” მთავარი როლის შემსრულებელი და კანის ფესტივალის გამარჯვებული, ემანუელ ბერკოტი (Emmanuelle Bercot) ფრანგ ჟურნალისტს მატილდას განასახიერებს, რომელიც მიმდინარე მოვლენების გაშუქებითაა დაკავებული.

რეჟისორ, ევა ჰასონის ფილმზე ქართული საპროდიუსერო კომპანია 20 Steps Productions მუშაობდა და აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, 860-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა. ფილმის გადაღებები, რომელიც სექტემბერის ბოლოს დაიწყო,  ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდა და ფილმის სპეციფიკიდან გამომდინარე, გადაღებებისთვის საკმაოდ საინტერესო, ლოკაციები, კერძოდ: ახალციხესა და რუსთავის მიმდებარე ტერიტორიები შეირჩა.

კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საერთაშორისო პრომო-კამპანიისა და გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციის შედეგად, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი სულ უფრო აქტუალური ხდება და  უცხოელი პროდიუსერების დაინტერესებაც მატულობს. პროექტის ამოქმედებიდან სულ მცირე დროში უკვე 12 განაცხადი შემოვიდა, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულდა 9 ფილმზე, დამატებით 3 ფილმზე კი გადაღებები ამჟამად მიმდინარეობს. სწორედ აღნიშნული 12 ფილმის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 19,4 მლნ ლარზე მეტია, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 1900 ადამიანს აღემატება.

 

 

 

 

 


ჩამოტვირთე მეტი »