სიახლეები
პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მოღვაწე კომპანიები დუბაიში გამართულ უმსხვილეს კონფერენციას დაესწრებიან
16 აპრ 2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 16-17 აპრილს, ოთხი ქართული კომპანია, დუბაიში გამართულ უმსხვილეს კონფერენციაზე „World Blockchain Forum“ წარდგება.

საერთაშორისო ღონისძიებას მსოფლიოს მასშტაბით 40-ზე მეტი ცნობილი სპიკერი, 750-ზე მეტი ინვესტორი და ინოვატორი, ცნობილი კომპანიების დამფუძნებლები და საჯარო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების კონფერენცია მიზნად ისახავს ბლოკჩეინ ტექნოლოგიების ინოვაციური შესაძლებლობების სიღრმისეულ ანალიზს და აღნიშნულზე განხილულ იქნება კრიპტოვალუტების მკაფიო გავლენა გლობალურ ფინანსურ ბაზარზე.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების მხარდაჭერით, კონფერენციას ოთხი ქართული პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მოღვაწე კომპანია, კერძოდ: შპს "ოქროს საწმისი", შპს"ენტროპი", შპს „ამბიტ მაინინგი“ და შპს „სპოტქოინი“ დაესწრება, რომლის წარმომადგენლებსაც საშუალება ექნებათ გაეცნონ ინდუსტრიაში არსებულ ყველა მიმდინარე ტრენდულ საკითხს და სამომავლო თანამშრომლობის კუთხით დაამყარონ მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები უცხოურ კომპანიებთან.

შეგახსენებთ, რომ ზემოთხსენებული მისია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაციას, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდას და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას.


ჩამოტვირთე მეტი »