სიახლეები
ქართულმა ექსპორტიორმა კომპანიებმა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით სავაჭრო მისიებში მიიღეს მონაწილეობა
11 სექ 2017

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში, ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და DCFTA საქართველოში“  ორგანიზებით, 4-დან 8 სექტემბრის ჩათვლით საფეიქრო ინდუსტრიაში მოღვაწე  ქართულმა კომპანიებმა მიუნხენში, ბერლინში და ჰამბურგში გამართულ სავაჭრო მისიაში მიიღეს მონაწილეობა.

სავაჭრო მისიის ფარგლებში, ქართულმა ექსპორტიორმა  კომპანიებმა წარმატებით ჩანიშნეს ინდივიდუალური (B2B) შეხვედრები გერმანულ ადგილობრივ კომპანიებთან და არსებულ ბიზნესწრეებთან, რითაც ქართველ ექსპორტიორებს  საშუალება მიეცათ წარმოეჩინათ საკუთარი პროდუქცია, დაამყარებინათ ბიზნეს კონტაქტები და მოეძიებინათ  პოტენციური პარტნიორები საერთაშორისო ბაზარზე. აღნიშნულ ღონისძიებაზე 5 ქართული კომპანია იღებდა მონაწილეობას, კერძოდ: შპს „ელსელემა“, შპს „იმერი“, „მოდელების სახლი მატერია“, შპს „ევროტექსი“ და “ემ-ფი-თი“.

მნიშვნელოვანია, რომ სავაჭრო მისიის ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ - ექსპორტის მიმართულების წარმომადგენლებმა გააკეთეს მოკლე პრეზენტაცია იმ მექანიზმების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს კერძო სექტორის წარმომადგენლებს

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას, აღნიშნული სახის სავაჭრო მისიებში მონაწილეობით კი ხელს უწყობს  ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას საერთაშორისო მასშტაბით.

პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ პროგრამის  ფარგლებში ხორციელდება.  ამ პროგრამის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, კერძოდ, ის ხელს უწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას. „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.eu4business.eu.