სიახლეები
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კომპანიების მხარდაჭერის ინიციატივით გამოდის
06 დეკ 2017

7 დეკემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, სასტუმროში „ბილტმორი“ გაიმართება ერთობლივი გაფართოებული შეხვედრა ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კომპანიებთან. ღონისძიება იმართება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარდაჭერით, რომელსაც „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ პროგრამის ფარგლებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება ის ინიციატივები და მიზნები, რასაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ისახავს ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიების ხელშეწყობისათვის. ამასთანავე, აღნიშნული შეხვედრა ხელს შეუწყობს ქართული კომპანიების ერთმანეთთან დაკავშირებას და ინტერნაციონალიზაციის  მიზნით სინერგიული  აქტივობების დაგეგმვას.

ღონისძიებას 60-მდე ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება და საკუთარ ხედვებსა და საჭიროებებს გაუზიარებს დამსწრე საზოგადოებას.  შეხვედრის მიზანი სერვისების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობაა, რადგან აღნიშნული სექტორი საკმაოდ მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ზემოთხსენებული შეხვედრა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაციას, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდას და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას.

ევროკავშირისა და GIZ-ის პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. პროექტი „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ პროგრამის  ფარგლებში ხორციელდება. ევროკავშირის ამ პროგრამის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, კერძოდ, ის ხელს უწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას,  მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას.

 

 


ჩამოტვირთე მეტი »