სიახლეები
სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ელექტრონული კომერციის სტრატეგიის შემუშავებაზე მუშაობა დაიწყო
05 სექ 2017

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარდაჭერით, მუშაობა დაიწყო ელექტრონული კომერციის სტრატეგიის შემუშავებაზე. სტრატეგიის მიზანია, ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით, აღნიშნული მიმართულებით არსებული მაღალი პოტენციალის მქონე პროდუქტების იდენტიფიცირება და მათი გაყიდვების ხელშეწყობა. პროექტის განხორციელებაში ჩართულია გერმანული კომპანია „Conoscope” და მათი ადგილობრივი ექსპერტები.

ელექტრონული კომერცია არის ინდუსტრიის ტიპი, სადაც პროდუქტებისა და მომსახურების ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება ელექტრონული საშუალებების მეშვეობით, როგორიცაა ინტერნეტი. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ელ. კომერცია მოიცავს მონაცემების გაცვლას, რაც აადვილებს ფულად ტრანზაქციებს. ეს არის ბიზნეს-ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციის ეფექტიანი და ხელსაყრელი გზა.

„აწარმოე საქართველოში - ექსპორტის“ მიმართულების მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობისა და მოცულობის გაზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.

პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ პროგრამის  ფარგლებში ხორციელდება. პროგრამის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით. კერძოდ, პროექტი ხელს უწყობს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას. „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.eu4business.eu.