სიახლეები
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარმო გაფართოებას შეძლებს
10 აპრ 2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში, კიდევ ერთი კომპანია, შპს „თენგო2000“ შეძლებს გაფართოებას.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, ბეტონის მწარმოებელი კომპანია  წლიურად 17,000 ტონა ცემენტის წარმოებასა  და უახლესი ტექნოლოგიის დანადგარების შეძენას გეგმავს, რაც მას საშუალებას მისცემს ბაზარს მაღალხარისხიანი პროდუქცია მიაწოდოს.

შპს „თენგო2000“, რომელიც 2018 წლის ივნისის თვეში დაიწყებს ცემენტის წარმოებას, საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს. საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე კომპანია 15 ადამიანის დასაქმებას შეძლებს.

აღნიშნული საწარმო ქალაქ ახალციხეში განთავსდება და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 660 000  ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში ‒ ბიზნესის“ მიმართულების მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა. სააგენტოს მთავარი მისია ქართული საწარმოების მხარდაჭერაში, მოგების გაზრდასა და გლობალური კონკურენტუნარიანობის განვითარებაში მდგომარეობს. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მარტის თვის მონაცემებით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ კერძოდ ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 344 პროექტი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 850 მლნ ლარს აღემატება, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 14 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს.


ჩამოტვირთე მეტი »