სიახლეები
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კიდევ ერთი კომპანია „ეფ ბი დი“ გაფართოვდება
04 მაისი 2018

აქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს კიდევ ერთი საწარმო, შპს „ეფ ბი დი“ შეემატა, რომელიც საკონდიტრო ნაწარმის წარმოებას შეძლებს.

კომპანია, რომელიც ქ.თბილისი, ვარკეთილის 3 მ/რ 4 კვარტლის მიმდებარედ  მდებარეობს,   პრემიუმ ხარისხის პურ-ფუნთუშეულს აწარმოებს, ხოლო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, გაფართოებასა და წარმოებული  პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას, კერძოდ საკონდიტრო ნაწარმის დამატებას შეძლებს. საწარმოში სადაც 10 ადამიანია დასაქმებული გაფართოების შედეგად დამატებით 5 ადამიანი დასაქმდება.

აღნიშნული საწარმო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კერძოდ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში,  საკონდიტრო ნაწარმის დამზადებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიის მანქანა-დანადგარების შეძენას შეძლებს, რაც მას საშუალებას მისცემს მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მიაწოდოს ადგილობრივ ბაზარს.  პროგრამის  ფარგლებში კი, პირველი 2 წლის განმავლობაში მისი სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 274 777 ლარს შეადგენს.

2018 წლის აპრილის მონაცემებით „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, სულ 2014 წლიდან მხარდაჭერილია 355 პროექტი (მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის, სასტუმროს და ქონების მიმართულებებს), რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 870 მლნ ლარზე მეტია. საიდანაც კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული  სესხების მოცულობა ჯამში 448  მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით სულ შეიქმნება 14,000- მდე ახალი სამუშაო ადგილი.


ჩამოტვირთე მეტი »