სიახლეები
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კიდევ ერთი საწარმო შეძლებს გაფართოებას
12 სექ 2017

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს კიდევ ერთი კომპანია, შპს „ელ-ჯი-ჯი“ შეემატა, რომელიც პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია, რომელიც მეტალოპლასტმასის და ალუმინის კარ-ფანჯრებს აწარმოებს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით  ახალი მანქანა-დანადგარების შეძენას გეგმავს, რაც საშუალებას იძლევა, რომ კომპანიამ გაზარდოს წარმოების მოცულობა და დანერგოს ენერგოეფექტური მინის დამუშავების სტანდარტი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ენერგოეფექტური მინებით დამზადებული ფანჯრები მნიშვნელოვნად ზოგავს სითბოდანაკარგებს და ამცირებს ელექტროენერგიის ხარჯს.

შპს „ელ-ჯი-ჯი“,  რომელიც სამომავლოდ საწარმოს ფილიალის გახსნას ზუგდიდში და ქუთაისში გეგმავს, ხარისხის მართვის ევროპულ სერტიფიკატს ISO-9001 და  “REHAU” ხარისხის სერთიფიკატებს ფლობს.

შპს „ელ-ჯი-ჯი“ მდებარეობს თბილისში, ფარსადანის ქ. #8 და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით, კერძოდ კი სალიზინგო პროექტის თანადაფინანსებით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 143,535 ლარს შეადგენს.

 


ჩამოტვირთე მეტი »