სიახლეები
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ზუგდიდში ახალი სასტუმრო გაიხსნება
20 ნოე 2017

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციართა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, კერძოდ კი პროგრამას უკვე 35-ე ბენეფიციარი შპს „ლეო 444“  შეემატა.

ხუთსართულიანი, 39 ნომრიანი სასტუმრო, ქ. ზუგდიდის ერთ-ერთ საუკეთესო ლოკაციაზე  გაიხსნება და ხელს შეუწყობს ტურისტებისა და სხვა დამსვენებლების მოზიდვას. ამასთანავე, თითოეულ ვიზიტორსა თუ ტურისტს საშუალება ექნება ისარგებლოს სასტუმროში არსებული მაღალი კლასის რესტორნით, საკონფერენციო დარბაზით, გამაჯანსაღებელი ოთახით, სპა-სალონით და საცურაო აუზით.

სასტუმრო, რომელიც 2018 წლის გაზაფხულიდან გაიხსნება,  პირველ ეტაპზე 50-მდე ადამიანს დაასაქმებს და ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ასევე საქართველოში ტურიზმის სფეროს განვითარებას. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი  4,407,831 ლარს შეადგენს.

2017 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების ფარგლებში მხარდაჭერილია 35 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს  101 მლნ. ლარზე მეტს. აღნიშნული სასტუმროები შექმნიან 1080 დამატებით ოთახს და 1121-მდე ახალ სამუშაო ადგილს.

 

 


ჩამოტვირთე მეტი »