სიახლეები
"საინვესტიციო კლიმატი საქართველოში ძალიან მომგებიანია"
04 მაისი 2018

„საინვესტიციო კლიმატი საქართველოში ძალიან ხელსაყრელია, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა მთელი რიგი მექანიზმები, რომლებიც ორიენტირებულია ინვესტორების მხარდაჭერაზე“ - აცხადებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მოზიდვის დეპარტამენტის უფროსი, ლიზა თავდუმაძე.

„არსებობს უამრავი შესაძლებლობა საინვესტიციო პროექტების განხორციელებისთვის ისეთ სექტორებში, როგორიცაა: წარმოება, სასტუმრო ინდუსტრია, უძრავი ქონება, ენერგეტიკა და სოფლის მეურნეობა“- განაცხადა თავდუმაძემ დოჰას ყოველდრიური გაზეთის „The Peninsula”  ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, საქართველოს ტურიზმის მიმართულებით შეინიშნება მზარდი ტენდენცია, ვინაიდან ტურისტების რაოდენობა, რომელთა რიცხვი 2016 წელს 6,3 მილიონს აღწევდა, 2017 წელს 7,6 მილიონამდე გაიზარდა. ამასთანავე, ინვესტიციების მოზიდვის დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, რომ საქართველოს მსოფლიოს 33 ქვეყანასთან გაფორმებული აქვს ორმხირივი საინვესტიციო შეთანხმება, ხოლო პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა (FDI) 2017 წლის მონაცემებით 1.86 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

სწრაფად მზარდი ტენდენცია შეინიშნება აგრეთვე შიდა ტურიზმის მიმართულებით - „წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, აღნიშნული მიმართულებით შემოსავლები 2017 წელს გაიზარდა 27 % - ით და შეადგინა 2,7 მლრდ აშშ დოლარი.

შემდეგ კითხვაზე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლის თქმით საქართველოში არ არსებობს უძრავი ქონების საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული შეზღუდვები, რაც პოტენციური ინვესტორების დაინტერესებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამასთანავე ხაზი გაესვა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვან პოზიციებს, მაგალითად საქართველო უსაფრთხო ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილზეა (Numbeo’s Crime Index 2018).

„სხვადასხვა საინვესტიციო სტიმულირების მიზნით საქართველოს მთავრობა საწარმოო პროექტებისთვის პოტენციურ ინვესტორებს სთავაზობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის/შენობა-ნაგებობის სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაცემას, გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებებით, კერძოდ: თბილისი არსებული ქონების მისაღებად ინვესტორმა, 2 წლის განმავლობაში უნდა განახორციელოს ქონების საბაზრო ღირებულების 6-მაგი და რეგიონში არსებულისთვის 4-მაგი ოდენობის ინვესტიცია“- განაცხადა ლიზამ.

სასტუმრო ინდუსტრიის განვითარებისთვის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უკვე შეარჩია 50 სახელმწიფო ქონება, რომლებიც ტურისტულ რეგიონებშია განთავსებული, კერძოდ: წყალტუბო, ქუთაისი, გოდერძი და სხვა.

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით Heritage Foundation-ის მონაცემებით 76.2 იყო, საიდანაც მსოფლიოს მასშტაბით 170 ქვეყნიდან საქართველო მე-16 ადგილზეა, ხოლო ევროპის მასშტაბით 44 ქვეყნებს შორის მე-9 ადგილს იკავებს. ამასთანავე, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოს ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსი არის 82.04, საიდანაც მსოფლიოს 190 ქვეყნანას შორის მე-9 პოზიციაზეა, ხოლო ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისთვის განსაკუთრებული წახალისება იყო, ის ფაქტორი რომ ზემოთ ხსენებულის შესახებ კანონის თანახმად მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე კომპანიები განთავისუფლებულები არიან მოგების, ქონების და საშემოსავლო გადასახადებისგან.

მისი თქმით საქართველოს გააჩნია სტრატეგიული მდებარეობა და საბაჟო გადასახადების გარეშე 2.3 მილიარდიან ბაზარზე წვდომა. საქართველო სარგებლობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმებით ევროკავშირთან; ქვეყანას აგრეთვე გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები EFTA (ისლანდიასთან, ნორვეგიასა, შვეიცარია და ლიხტენშტეინი) წევრ ქვეყნებთან, თურქეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან (რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი და ა.შ.); 2017 წლიდან ამოქმედდა აგრეთვე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან; GSP ტიპის შეთანხმება მოქმედებს აშშ-ს, კანადის, იაპონიის მხარეებთან. ამასთანავე, საქართველო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების რეჟიმშია, ჰონგ-კონგთან.

აღსანიშნავია, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ქვეყანაში ვაჭრობის ხელშეწყობისთვის და პოპულარიზაციისთვის, აქტიურად უჭერს მხარს ქართული კომპანიების მონაწილეობას საერთაშორისო სავაჭრო გამოფენებში. მხარდაჭერა კი გამოიხატება, საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის აუცილებელი ხარჯების 75%-დან 80%-მდე თანადაფინანსებაში.

ამასთანავე, ინვესტორებისთვის საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერაც ხელმისაწვდომია. კერძოდ, თუ კომპანია წარმოების დასაწყებად ან არსებული ბიზნესის გაფართოება/გადაიარაღებისთვის იღებს ადგილობრივ ბანკში სესხს (ლარში), პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 24 თვის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას, 10%-ის ოდენობით სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. ანალოგიურად ხდება, სასტუმრო ინდუსტრიების მხარდაჭერის მიზნით კომერციულ სესხზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება და ქვეყანაში საერთაშორისო ბრენდების შემოყვანის სტიმულირების მიზნით საერთაშორისო ფრანჩაიზი/მენეჯმენტ კონტრაქტით გათვალისწინებული გადასახადების (Royalty Fee) ანაზღაურება. აღსანიშნავია, ისიც რომ ორივე შემთხვევაში სახელმწიფო საბანკო გარანტიის 50%-ს უზრუნველყოფს.

ამასთანავე, მისი თქმით საქართველოში მინიმუმ 300,000 ლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია მიიღოს საინვესტიციო ბინადრობის უფლება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სააგენტოს გააჩნია კინოწარმოების სტიმულირების პროგრამა - „გადაიღე საქართველოში”, რომელიც საქართველოში გაწეული კვალიფიციური ხარჯების 20%-ის უკან დაბრუნებას გულისხმობს. ხარჯების დამატებით 2-5 % ის ოდენობით ანაზღაურება არის ხელმისაწვდომი საერთაშორისო კინომწარმოებლებისთვის იმ შემთხვევაში, თუ პროექტები მოიცავს ქვეყნის პოპულარიზაციის ელემენტებს.

საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისთვის კიდევ ერთი მიმზიდველი მხარდაჭერის მექანიზმს წარმოადგენს "საპარტნიორო ფონდი". აღნიშნული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საინვესტიციო ფონდი მeწარმეს სთავაზობს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას (equity financing), რათა უცხოელი ინვესტორისთვის მოხდეს დამატებითი რისკების შემცირება. საქართველოში ასევე აქტიურად ფუნქციონირებს ოთხი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (FIZs), რომელიც მოქმედებს ფოთში, ქუთაისსა და თბილისში.

შეგახსენებთ, რომ სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი პირველი სახელწიფო უწყებაა საქართველოში, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობა. დინამიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, სააგენტო აერთიანებს სამ კომპონენტს, ეკონომიკური განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ შრეს: ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტს და ინვესტიციებს.

შენიშვნა:

აწარმოე საქართველოში ‒ ბიზნესის“ მიმართულების მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა.

აწარმოე საქართველოში ‒ ექსპორტის“ მიმართულების მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.

„აწარმოე საქართველოში - ინვესტიციის“ მიმართულების მიზანია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების  მოზიდვა,  ხელშეწყობა და განვითარება. აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს ერთგვარ მედიატორს უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის, მუშაობს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ და ეხმარება დაინტერესებულ ინვესტორებს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებასა და ქართულ მხარესთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაში.

 

 

 


ჩამოტვირთე მეტი »