სიახლეები
საქართველო, დუბაიში გამართულ ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმზე წარდგება
02 მარ 2018

2018 წლის 9-11 აპრილს, დუბაიში ყოვეწლიური საინვესტიციო ფორუმი (AIM) გაიმართება, სადაც  საქართველოს, როგორც საპატიო ქვეყნის სტატუსით მიწვეულ ქვეყანას, პირველად გამოეყო განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე.   

აღნიშნული ფორუმი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელზეც თავს იყრის,  უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიები/ორგანიზაციები, ინვესტორები, ექსპერტები და ა.შ. ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს გაეცნოს მონაწილე ქვეყნების საინვესტიციო კლიმატს, შესაძლებლობებსა თუ პროექტებს. სწორედ ამ მიზნით, ფორუმის პირველ დღეს, საქართველო, როგორც ღონისძიების საპატიო სტუმარი, პრეზენტაციას გამართავს ქვეყნის საინვეტიციო გარემოსა და პრიორიტეტული სექტორების შესახებ. ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება  საქართველოს საინფორმაციო სტენდი, სადაც თითოეულ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა ექნება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია იმ პრიორიტეტული საინვესტიციო სექტორების შესახებ, რასაც საქართველო სთავაზობს უცხოელ ინვესტორებს.

ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმზე საქართველოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ წარადგენს. სტაბილური ეკონომიკური გარემო, ლიბერალური და თავისუფალი სავაჭრო ეკონომიკა, მნიშვნელოვნად გამარტივებული ადმინისტრაციული პროცედურები, შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმები, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა,  განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და კონკურენტული სამუშაო ძალა სწორედ ის ფაქტორებია, რომლებიც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. 

მიუხედევად იმისა, რომ აღნიშნულ გამოფენაზე საპატიო ქვეყნის სტატუსით, საქართველო პირველადაა წარმოდგენილი, 2016 წლის 11-12 აპრილს გამართულ საინვესტიციო ფორუმს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდა, რომელმაც პლენარულ სესიაზე: „Global Leaders Debate," მოხსენება გააკეთა. სესიის ფარგლებში, პრემიერ მინისტრმა ისაუბრა საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის, მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს, სატრანზიტო პოტენციალის და ბიზნესის სიმარტივის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ.   ამასთანავე, ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრს მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს. მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით არსებულ უდიდეს პოტენციალზე და გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმისა და ინვესტიციის მოზიდვის მიმართულებით.