სიახლეები
სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტი - "უმასპინძლე საქართველოში"
08 სექ 2017

სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტი დიდი წარმატებით სარგებლობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის "აწარმოე საქართელოში" მიერ უკვე მხარდაჭერილია 32 მეწარმე სუბიექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 89 მლნ ლარს, ხოლო აღნიშნული 32 სასტუმრო შექმნის 976 დამატებით ოთახს და 1050 ახალ სამუშაო ადგილს. პროექტი განხორციელებულია: ბაკურიანში, გუდაურში, ფოთში, ურეკში, ნიკორწმინდაში, ყაზბეგში, საგარეჯოში, გონიოში, შეკვეთილში, თელავში, წყალტუბოში, ქუთაისში, ზუგდიდში, მესტიასა და გურჯაანში.

სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების ხელშემწყობის მიმართულება 2016 წლიდან დაემატა სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“. პროგრამა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის შესაძლებელს ხდის განავითარონ სასტუმრო ბიზნესი, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები, მოიზიდონ მეტი დამსვენებელი და ხელი შეუწყონ რეგიონის განვითარებას. ახალი კომპონენტი, რეგიონში სასტუმრო ბიზნესის განხორციელების სურვილის მქონე მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებას. გარდა ამისა, პროგრამის მეშვეობით აქტიურად ხდება საქართველოში წარმატებული საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვის სტიმულირება, ე.წ „ფრენჩაიზინგის“ ხელშეკრულების თანადაფინანსების გზით.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების პროექტის მიხედვით, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით დაინტერესებულ მეწარმეს ეძლევა შესაძლებლობა საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თბილისისა და ბათუმის გარდა:

  • ააშენოს ახალი სასტუმრო
  • მოახდინოს არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოება/გადაიარაღება
  • ასევე გააფორმოს ფრენჩაიზინგის ხელშეკრულება სასტუმროს საერთაშორისო ოპერატორთან და შემოიყვანოს უცხოური ბრენდი ქართულ ბაზარზე

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხრიდან თანადაფინანსება განხორციელდება შემდეგნაირად:

  1. სასტუმროს აშენება, ასევე ინფრასტრუქტურის განახლება/სასტუმროს გადაიარაღება
  • სახელმწიფოს მხრიდან კომერციული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის 10%-ით (უცხოური ვალუტის შემთხვევაში 8 %) თანადაფინანსება პირველი 2 წლის განმავლობაში

სესხის მინიმალური მოცულობა – 200,000 ლარი; 

სესხის მაქსიმალური მოცულობა – 2,000,000 ლარი; 

სესხის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობა პირველი 4 წლის განმავლობაში, სესხის მოცულობის 50%-ით 

  • საკონსულტაციო მომსახურების თანადაფინანსება
  1. ფრენჩაიზინგის ხელშეკრულების თანადაფინანსება
  • „ფრენჩაიზინგის“/ მენეჯმენტ კონტრაქტის ანაზღაურების ე.წ Royalty Fees დაფინანსება პირველი 2 წლის განმავლობაში ( წელიწადში არაუმეტეს 300,000 ლარისა)
  • საკონსულტაციო მომსახურების თანადაფინანსება
  1. სასტუმროს განვითარება  ფრენჩაიზინგის ხელშეკრულებით
  • „ფრენჩაიზინგის“/ მენეჯმენტ კონტრაქტის ანაზღაურების ე.წ Royalty Fees დაფინანსება პირველი 2 წლის განმავლობაში( წელიწადში არაუმეტეს 300,000 ლარისა)
  • სახელმწიფოს მხრიდან კომერციული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის 10%-ით თანადაფინანსება პირველი 2 წლის განმავლობაში;

სესხის მინიმალური მოცულობა – 200,000 ლარი;

სესხის მაქსიმალური მოცულობა – 5,000,000 ლარი;

  • სესხის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობა პირველი 4 წლის განმავლობაში, სესხის მოცულობის 50%-ით ( არაუმეტეს 250,000, 000 ლარისა)
  • საკონსულტაციო მომსახურების თანადაფინანსება

აღსანიშნავია, რომ ერთ მეწარმეს შეუძლია ისარგებლოს როგორც სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებით, ისე ბრენდის შემოყვანის შემთხვევაში „ფრენჩაიზინგის“/მენეჯმენტ კონტრაქტით გათვალისწინებული მიმდინარე გადასახადის დაფინანსებით. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://enterprisegeorgia.gov.ge/ge/whatwedo/Hotel-industry-incentive?v=91