სიახლეები
ტექნიკური დახმარების კომპონენტის პრეზენტაცია ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლებისთვის
02 მარ 2018

დღეს, 2 მარტს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოში „აწარმოე საქართველოში“ ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლებისთვის ტექნიკური დახმარების კომპონენტის შესახებ საინფორმაციო პრეზენტაცია გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ 24 თებერვალს გამართული B2B შეხვედრების შედეგად, რომელსაც 39  ბიზნეს საკონსულტაციო და 55 ბენეფიციარი კომპანია დაესწრო, მნიშვნელოვნად გამოიკვეთა აღნიშნული კომპონენტისადმი დიდი ინტერესი. სწორედ, ამ მიზნით 2 მარტს გამართულ ღონისძიებაზე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ანთიამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ტექნიკური დახმარების კომპონენტის პირობები და დეტალები.

ღონისძიების ფარგლებში განხილულ იქნა ის ინიციატივები და მიზნები, რასაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ისახავს ტექნიკური კომპონენტის გაძლიერების და გაუმჯობესებისათვის. აღნიშნული შეხვედრა ხელს შეუწყობს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ტექნიკური დახმარების კომპონენტის დახვეწა/მოდიფიკაციას, რაც პირდაპირ კავშირშია  სახელმწიფო სახსრების უფრო ეფექტურ ხარჯვასთან. “აწარმოე საქართველოში“ სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა სააგენტოს პროგრამების და სერვისების მიზნობრიობის და ეფექტურობის მუდმივი გაუმჯობესების მიზნით. ასევე, შეხვედრაზე მოწვეულმა კომპანიებმა გამოხატეს მზაობა, რომ სააგენტოს ბენეფიციარებისთვის ჩაატარონ უფასო მასტერკლასები კვლევების, კომუნიკაციების, ბრენდინგის, მარკეტინგის, პიარის, მენეჯმენტის და ფინანსური ანგარიშგების მიმართულებებით.

შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში სულ მხარდაჭერილია 337 პროექტი (მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის, სასტუმროს და ქონების მიმართულებებს), რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 820 მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით სულ შეიქმნება 13,500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.